არაფერი მომხდარა, არავინ არაფერი არ აირჩია, – ასე აფასებს სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევას.
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებთან გავიდა და მადლობა გადაუხადა.
„მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენს ახალგაზრდებს, ყველანი ვართ დედები და ყველა ჩვენი შვილია. ვინც აქ დგანან, დგანან ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყნის მომავლისთვის. მათ ვუთხრათ მადლობა და მათ ვუთხრათ, რომ მათთან ერთად ვიქნებით ბოლომდე, რომ დავიცვათ ისინი“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტს ახალი პრეზიდენტი არ აურჩევია, „არაფერი მომხდარა, არავინ არაფერი არ აირჩია“.
კითხვაზე, აგრძელებთ თუ არა საქმიანობას, სალომე ზურაბიშვილმა თქვა: „აბა, რას ვაკეთებ“.
ცნობისათვის: საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.
სრულად დათვლილი 225 ბიულეტენიდან საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა მხარი დაუჭირა მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო ერთი ბიულეტენი იყო ბათილი. ადა მარშანიამ, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერს.
ცესკო-ს სხდომაზე შედგა შემაჯამებელი ოქმი, რომელიც საზოგადოებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.