ამ ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის დამცველების სამარცხვინო, იაფფასიანი მედროვეები, მაკა ბოჭორიშვილის მსგავსი, რომელიც 8 წლის მანძილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ევროკავშირში ჩვენ მისიაში მუშაობდა, 2012 წელს დადიოდა და ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი - სიმართლე კი მარტივია, მხოლოდ ასეთი ხალხი დაგრჩათ თქვენ, „ქართულო ოცნებავ“, მედროვე ხალხი! - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც, მისი თქმით, ევროპული მომავალი გადაარჩინეს.
„მინდა ვუთხრა მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაარჩინეს ჩვენი ქვეყანა იმისგან, რომ მას ევროპული მომავლის შანსი საბოლოოდ წართმეოდა და მინდა მადლობა ვუთხრა ლაზარე გრიგორიადისს იმიტომ, რომ ლაზარეს მსგავსმა ადამიანებმა იბრძოლეს საკუთარი ქვეყნისთვის. დღეს, ამ ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის დამცველებს სამარცხვინო, იაფფასიანი მედროვეები, მაკა ბოჭორიშვილის მსგავსი, რომელიც 8 წლის მანძილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ევროკავშირში ჩვენ მისიაში მუშაობდა, დადიოდა 2012 წელს და ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა იმაზე, რომ ბიძნა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი და დღეს, ამ დარბაზიდან საუბრობს იმაზე, რომ თურმე მაშინდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებდა ევროინტეგრაციისთვის. სიმართლე კი, მარტივია, მხოლოდ ასეთი ხალხი დაგრჩათ თქვენ, „ქართულო ოცნებავ“! მედროვე, ხალხი, რომელიც ჩაბარდება ყველა ხელისუფლებას, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს „ნაციონალი“ იქნება, „ქართული ოცნების“ დროს „ოცნების“ მსახური იქნება და მათი პირიდან სიმართლე არასდროს ამოვა. რაც დღეს აქ მოისმინე, ამიტომ არის ყველაფერი ტყუილი და სიმართლე არის ის, რაც გითხრათ თქვენ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა აქ, ამ დარბაზში რამდენიმე დღის წინ. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ერთი ხელით შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და მეორე ხელით, ამ დარბაზში რუსული კანონი მიიღო იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩაეშალა და არ გაგივიდათ! არ გაგივიდათ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა იბრძოლეს მომავლისთვის და შეგახსენებთ, რომ თქვენ, თვალი ამოთხარეთ ადამიანს ზაზა ბერიაშვილს იმისათვის, რომ ამ ქვეყნის მომავალს იცავდა. ამ ქვეყანაში მოძალადე არის ერთადერთი, მას ჰქვია „ქართული ოცნება“. ძალადობა არის, როდესაც შენს ხალხს ცდილობ წაართვა კონსტიტუციური უფლება, რომელიც მას აქვს - იცხოვროს ევროპულ მომავალში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.