პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს მთავარ პრობლემად დამოუკიდებელი მედია და მის მიმართ წარმოებული პოლიტიკაა მიჩნეული. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სამადაშვილმა პლენარულ დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
"ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს მთავარ პრობლემად განსაზღვრულია დამოუკიდებელი მედია და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც თქვენი ხელისუფლება ატარებს. ხომ არ გეჩვენებათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან დღეს ჟურნალისტებისთვის მისალმება ცინიზმია იმ ყველაფრის ფონზე, რასაც თქვენი ხელისუფლება აკეთებს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის განადგურების მიზნით. ანგარიშში ბევრი სხვა პრობლემაც არის აღმოჩენილი და დღეს თუ ვინმე ევროკავშირის დღის წესრიგის საბოტაჟს ეწევა, ეს თქვენი ხელისუფლებაა. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ - თქვენი ხელები შორს დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული დამოუკიდებელი თავისუფალი თაობისგან და მიხედეთ თქვენ საქმეს, რაც არის ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, თორემ რაც ნახეთ ის მოგენატრებათ, ქართული საზოგადოება ისეთ პასუხს გაგცემთ უახლოეს მომავალში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.