ვინ თქვა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე აქტივობის დაწევა ნიშნავს ამ ხელისუფლების დამატებით დელეგიტიმაციას, რომელიც უკვე არის არალეგიტიმურად გამოცხადებული, მათ შორის დასავლეთის მიერ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „მუდმივად ვერ გაგრძელდება მდგომარეობა, როდესაც ვისხდებით ეთერებში, ვისაუბრებთ, რომ ქვეყანა რუსული რეჟიმის ოკუპაციის ქვეშ არის და ვერავინ წარადგინოს სამოქმედო გეგმა“.
სალომე სამადაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებასთან დაკავშირებით მითები არსებობს. როგორც მან თქვა, ერთ-ერთი ასეთი მითია, რომ ბიძინა ივანიშვილს აწუხებს, მიიღებს თუ არ მიიღებს ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას.
„სულელად არ უნდა ჩამთვალოს ვიღაცამ. რუსები მართავენ ქვეყანას და აწუხებთ არჩევნებში მიიღებს თუ არ მიიღებს მონაწილეობას ოპოზიცია? იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილს აწუხებს გავა თუ არ გავა ოპოზიცია არჩევნებზე იგივეა, მითხრათ, ეს პუტინს აწუხებს. ეს ხელისუფლება რუსეთს ემსახურება, თუ ამის ვინმეს არ სჯერა და ფიქრობს, რომ ამ ხელისუფლებას დემოკრატიულობის თამაში უნდა, შეიძლება, დაიჯეროს, რომ ბოიკოტის გზით ხელისუფლებაზე ზეწოლას მოახდენს. „ქართული ოცნების“ ამოცანაა გაწიონ ყველა, ვინც ემსახურება საქართველოს ინტერესებს და სჯერა, რომ საქართველოს მომავალი, მისი ინტერესები უკავშირდება ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, დაცულ მომავალს დასავლეთთან ერთად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, საარჩევნო პროცესიდან გაწევა ნიშნავს, რომ პარტია პროცესში არ მონაწილეობს.
„საარჩევნო პროცესიდან გაწევა ნიშნავს, რომ შენ პროცესში არ მონაწილეობს. ამ ხელისუფლების ამოცანაა ყველა პროდასავლური აქტორის მარგინალიზაცია. ვიღაცა რომ მიმტკიცებს, მაგალითად, მოდის ადგილობრივი არჩევნები და არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ რეგიონებში მიავლენს თავის, რა ვიცი, მაგალითად ინფრასტრუქტურის მინისტრს და ხალხს ეტყვის, მე მოგიწესრიგებ მილების პრობლემას და დაიწყებს დაპირების შესრულებისთვის ფულის ხარჯვას. ამის საპირწონედ ვინმე რომ ჩავიდეს იქ ოპოზიციიდან და ეტყვის ხალხს, შენ ოღონდ არჩევნებზე არ მიხვიდე და ყველაფერი კარგად იქნება, რომ ეს არის ეფექტიანი სტრატეგია ამ რეჟიმთან ბრძოლის. ერთი მაგალითი დაიდოს, რომ ვინმემ ასეთი მეთოდით რაიმეს მიღწევას შეძლო. და მეორე, რის მიღწევას, რას გვთავაზობენ ამ მეთოდებით, რომ დავწიოთ აქტივობა ადგილობრივ არჩევნებზე? ვინ თქვა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე აქტივობის დაწევა ნიშნავს ამ ხელისუფლების დამატებით დელეგიტიმაციას, რომელიც უკვე არის არალეგიტიმურად გამოცხადებული, მათ შორის დასავლეთის მიერ,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.