ახლა გამოდის კობახიძე და დებატებზე ეპატიჟება ვიღაცას. თავხედობაც არაა ეს, ეს არის საკუთარი ხალხის დაცინვა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ამბობ: „აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო“.
„კანონზე დებატები სადაც უნდა ყოფილიყო-ესაა პარლამენტი.
პარლამენტის სხდომები როგორც წარიმართა, ყველას გვახსოვს, გაგდება, გაძევება, მიკროფონის გამორთვა...
წუთში ჩატარებული მესამე მოსმენა, სანამ ოპოზიცია არკვევდა პოლიციასთან შეუშვებდნენ თუ არა პარლამენტში...
ამ მესამე მოსმენაზე პროცედურული დარღვევით შეთითხნილი ცვლილება, რომელმაც კანონის სამიზნე გახადა ყველა მოქალაქე-მათ შორის ჯარიმის მუქარით შექმნა იურიდიული ბერკეტი ნებისმიერ ადამიანზე საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად.
ახლა გამოდის კობახიძე და დებატებზე ეპატიჟება ვიღაცას.
თავხედობაც არაა ეს, ეს არის საკუთარი ხალხის დაცინვა.
ეკლესიის კალთას ამოეფარნენ დღეს და გადაწყვიტეს ხალხის აბუჩად აგდება გააგრძელონ.
ვერც ხალხს მოატყუებთ, ვერც პრეზიდენტს, ვერც ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს.
ამიტომ არის ეს კანონი სინამდვილეში საკუთარი ხელით მოწყობილი პოლიტიკური გილიოტინა ბიძინას რეჟიმისთვის“,- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.