სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება, ვერც „ნაციონალური მოძრაობა“. მათ არასდროს ექნებათ პარლამენტის 76 წევრის ხმა, რომელიც მთავრობის ფორმირებისთვისაა საჭირო, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საზოგადოებრივი კონსენსუსი არის როგორც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი შანსი არის ის, რომ წარმოაჩინოს „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც მისი ერთადერთი ალტერნატივა. რატომ? ნუ ეწყინება ნურც მიხეილ სააკაშვილს ნურც მისი პარტიის წარმომადგენლებს, მაგრამ დღეს საზოგადოებრივი კონსენსუსი არის როგორც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. გამოკითხვა აჩვენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს არ მივცემ ხმას“ - არის უფრო მეტი, ვიდრე ის, ვინც ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმას არასდროს არ მივცემ“. ილუზიაა, აბსოლუტური ნონსენსია, ვინმემ დაიჯეროს, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ შეუძლია „ქართული ოცნების“ დამარცხება. ეს არის აბსურდი, ამის შანსი არ არსებობს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, პარტია „ლელო“ საზოგადოების წინაშე დღეს წარმდგარია, როგორც მესამე პოლიტიკური ძალა.
„ამას მოწმობს ის, რომ დღეს ყველა საუბრობს ჩვენს ინიციატივაზე, მთელი ოპოზიციური სპექტრი ამბობს, რომ მხარს დავუჭერ „ლელოს“ ინიციატივას. სწორედ ესაა წარსდგომა საზოგადოების წინაშე როგორც ალტერნატივა. პირდაპირ გეტყვით, არც მაინტერესებს სოციოლოგიური კვლევები არჩევნებამდე ერთი წლით ადრე. ძალიან ბევრი რამ იცვლება ერთ წელიწადში. სოციოლოგიური კვლევები მაინტერესებს იმისთვის, რომ მესმოდეს, რა აწუხებს ჩემს თანამოქალაქეს. რაც შეეხება პარტიების რეიტინგებს, პარტიები იცვლება, იზრდება, მცირდება და ა.შ.“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.