სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ბოლო დღეებში საპროტესტო აქციებზე დაკავებული 32 პირი მოინახულეს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაკავებული პირებისგან მიღებული ინფორმაციით, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევაზე სახალხო დამცველმა შესაბამის ორგანოებს მიმართა.
„საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორებში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული 32 პირი მოინახულეს.
დაკავებული პირებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ მიღებულ თითოეულ შემთხვევაზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სახალხო დამცველმა შესაბამის ორგანოებს მიმართა.
სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დაკავებულების მონახულების პროცესს და საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.
უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე – 1481“, – ნათქვამია ინფორმაციაში.




