რუსეთის მოქალაქეებისათვის ამჟამად მოქმედი უპრეცედენტო უვიზო რეჟიმი შემოღებულია ირაკლი ღარიბაშვილის და არა მიხეილ სააკაშვილის მიერ - წერს პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში:
"რუსეთის მოქალაქეებისათვის ამჟამად მოქმედი უპრეცედენტო უვიზო რეჟიმი შემოღებულია ირაკლი ღარიბაშვილის და არა მიხეილ სააკაშვილის მიერ. წინა ხელისუფლების დროს მიღებული წესი ფაქტობრივად ნიშნავდა 90 დღიან მრავალჯერად ვიზას. ეს იყო უვიზო რეჟიმის ევროპული სტანდარტი.
2012 წლის 28 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა №149 ბრძანებულება, რომლის თანახმადაც საქართველომ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან. ბრძანებულების თანახმად, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლა და დარჩენა ყოველი ექვსი თვის განმავლობაში 90 დღის ვადით შეეძლოთ.
მოგვიანებით, 2015 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობის №255 დადგენილებას,რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ საქართველოში უვიზოდ ჩამოსულიყვნენ და დარჩენილიყვნენ ერთი წლის ვადით. თუმცა, ერთწლიანი უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, რომ აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, დატოვოს საქართველოს ტერიტორია მეზობელ სახელმწიფოში გადასვლით, კვლავ დაბრუნდეს ქვეყანაში და დარჩეს 365 დღის განმავლობაში.
ასეთ შემთხვევაში, ხელახალი ერთწლიანი ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.აი, ეს მავნებლობა შემოიღო ირაკლი ღარიბაშვილმა." - წერს რომან გოცირიძე.