ნიკა მელიას და მისი თანამოაზრეების მიერ პარტიის დაფუძნება იქნება ერთ-ერთი სერიოზული წარმონაქმნი ოპოზიციურ ფლანგზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ნიკა მელიას მიერ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ამ კრიზისის დაძლევის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.
„მელიას მხარდამჭერი იქნება არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციული ამომრჩეველი, არამედ ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება, ყოფილიყვნენ პოტენციურად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, როგორც ეროვნული და ლიბერალური ძალის, მაგრამ ვისაც უკვე არ მოსწონს დღევანდელი ნაციონალური სახე, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ამიტომ, ნიკა მელიას პარტიას ექნება საკმაოდ დიდი გავლენა და გარდა ამისა, ეს იქნება უკვე ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნისთვის კიდევ ერთი დამატებით ფაქტორი. ისეთი ცენტრის, რომელსაც ექნება ხმების მიღების მეტი რესურსი, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის.
ნახევარ წელიწადზე მეტია, ჩემი პოზიცია არის მთავარი ოპოზიციური ცენტრის შექმნა, სადაც უნდა გაერთიანდნენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პარტიები და პოლიტიკური ჯგუფები. ეს იყო ჩემი ხედვა და მომავალში რა იქნება, ჯერ არავინ იცის. ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვით. ის, რომ ყველა ერთად უნდა ვიყოთ, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია, მათ შორის ნიკა მელიას ახალი პარტია, ეს ბუნებრივი მოცემულობაა და ნიშნავს ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთ გზას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, საკუთარ პარტიასთან ცხრათვიანი დაპირისპირების შემდეგ ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.