ახალ მორიგ საზაფხულო კამპანიურ თემაზე, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ “ბლოკობანა”. შარშან ამ დროს მთავარი თემა იყო ,”ცხელი შემოდგომის” გაჩაღება, რომელმაც ზამთრამდეც კი გაძლო ტელეეკრანებზე, როცა შემოდგომა კარგა ხნის მიწურული იყო. ბლოკების საკითხიც ცოტა ხანს შეავსებს ნამდვილად ცხელი ზაფხულის მკვდარი პოლიტიკური სეზონის სატელევიზიო სივრცეს. - წერს "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
"დავიწყოთ “ნაციონალური მოძრაობის” ახალი გაერთიანებით. ამ “ბლოკში” გაწევრიანება ნიშნავს ზარმაცების პარლამენტში უშრომლად, ოფლისღვრისგარეშე მოხვედრას. მოწოდება პარტიებისადმი, რომ შემოუერთნენ ნაციონალ მოძრაობას, იგივე შეცდომაა, რაც მოხდა 2020 წლის არჩევნების დროს, რომლის შედეგადაც პარლამენტში მივიღეთ ყველაზე ქმედუუნარო მთავარი ოპოზიციური ფრაქცია, რომელიც დღეს დაშლილ-ჩამოშლილია.
თუ ნაციონალური მოძრაობა არაფრისმომცემი, სიმბოლური, გამაერთიანებელი ცენტრის სტატუსის მოსაპოვებლად სხვა პარტიების მიერთებას გააგრძელებს, ელექტორალურად არაფერს შეიძენს( უფრო პირიქით), დაკარგვით კი დაკარგავს ბევრს, მათ შორის საკუთარ პარტიულ საკადრო რესურსებს მათი დროებითი
“ლეგიონერებით” ჩანაცვლების გზით.
იქ, სადაც დაშლა არ არის დამთავრებული, გაერთიანებაზე საუბარი ნაადრევია. ისიც ფაქტია, რომ ადრე თუ გვიან, ნაციონალურ მოძრაობას დიდი პოლიტიკური ჯგუფი გამოეყოფა ნიკა მელიას პარტიის სახით.
ნაციონალური მოძრაობა თავის ასაღებს ისედაც აიღებს( რაც მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება წინა არჩევნების შედეგთან შედარებით, მრავალ გარემოებათა გამო). ახლა მთავარი პრობლემა ის არის, თუ როგორ მოიპოვოს ხელისუფლების შესაცვლელად საკმარისი ხმები არანაციონალურმა ოპოზიციამ. ამისთვის აუცილებელია საპარლამენტო და არასაპატლამენტო ოპოზიციის დიდი, მთავარი ოპოზიციური ალიანსის შეკვრა, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნებიან არაპარტიული, აქტიური და საზოგადოებისთვის ცნობადი პირები და სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, რომელსაც პოლიტიკური ამბიციები აქვს.
ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობის გარდა მომავალ არჩევნებში იქნება 2-3 ოპოზიციური “ბლოკი”. ამაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა მშვიდად, ყოველგვარი ფაცი-ფუცისა და კამპანიურობის გარეშე.
როგორც წინა არჩევნებში იყო კომიკური ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირგვლივ განვითარებული ბატალიები, ასევე იქნება ახლაც, თუ არ შევეშვებით ამ არაფრისმომცემ იდეას.
მოიგოს ოპოზიციამ და პრემიერ-მინისტრიც გამოჩნდება და კვალიფიცირებული მინისტრებიც. როგორც იტყვიან, თაფლი იყოს, თორემ ბუზი ბაღდადიდანაც კი მოვა.
ყველა პატარა პარტია, რომელსაც გაუჩნდება ილუზია არჩევნებზე ცალკე გასვლით 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვისა ან რაღაც მოტივებით ვერ იპოვის თავს ამა თუ იმ გაერთიანებაში, არის უპასუხისმგებლო და ჯანსაღ პოლიტიკურ პრაგმატიზმს მოკლებული."- წერს რომან გოცირიძე.