უმჯობესი იქნება, ბატონმა ხაზარაძემ თავი დაანებოს კარგ ადამიანებს, მიხედოს საკუთარ პარტიას, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს და იფიქროს, მომავალ არჩევნებზე, იქნებ ამით დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებასთან დაკავშირებით „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მოთხოვნაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძისგან რაიმე სახის ქველმოქმედება არავის ახსოვს და მისი და ბიძინა ივანიშვილის ერთმანეთთან შედარება სრულიად შეუსაბამოა.

„მე არ ვიცი ბატონი ხაზარაძე რას ამბობს, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, თუ რა დიდი საქმე გაუკეთა ამ ადამიანმა ამ ქვეყანას. კერძოდ, ის რომ 2012 წელს დასრულდა ის რეჟიმი, რომელიც ციხეებში ადამიანებს აწამებდა, მათ არაადამიანურად ეპყრობოდა და ეს ყველაფერი არის დადასტურებული ფაქტი. ბატონი ხაზარაძისგან არავის ახსოვს რაიმე სახის ქველმოქმედება, ან სახელმწიფოსთვის გაკეთებული რაიმე საქმე და თუ ვადარებთ ჩვენ ამ ორ ადამიანს, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის სრულიად შეუსაბამო და შეუდარებელი. ალბათ, უმჯობესი იქნება, ბატონმა ხაზარაძემ თავი დაანებოს კარგ ადამიანებს, მიხედოს საკუთარ პარტიას, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს და იფიქროს, მომავალ არჩევნებზე, იქნებ ამით დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები,“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.