როდესაც ყოფილი სახალხო დამცველი 1937 წლის “საუკეთესო ტრადიციებით” და “გულით შეკმაზულ”, სიძულვილთან მიახლოვებული ენით ადამიანების გაშავებას და საზოგადოების მოტყუებას ცდილობს, ვთვლი, რომ პასუხი აუცილებელია.
Nino Lomjaria, ყოფილი სახალხო დამცველისგან, რომელსაც კარგად უნდა ესმოდეს ადამიანის უფლებები, მსგავი მომართვა, რბილად რომ ვთქვა, გაუგებარია. - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
ადამიანებს დანაშაულში სდებ ბრალს და იქნებ შეახსენო საზოგადოებას სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ამ ადამიანებს კორუფციულ დანაშაულში მიუძღვის ბრალი.
თუ თავად წყვეტ, სასამართლოს გარეშე ვინ მართალია და ვინ დამნაშავე?
მე არ გადამიხდია ფული უნივერსიტეტში ჩასაბარებლად და ძალიან ვამაყობ, რომ უნივერსიტეტელი ვარ.
შენ გადაიხადე და გვიმალავდი? ან თუ ასეთი დანაშაულის შესახებ გქონდა ინფორმაცია, ან გაქვს რატომ არ განაცხადე?
სწორედ ასეთი, მტკიცებულებებს მოკლებული და ადამიანების დამუნათებაზე ორიენტირებული აზროვნებაა ბოლშევიკური ნინო და, რაც არ უნდა ევროპული დროშა მოახვიო დასამალად, მაინც იჩენს თავს. არ უბრძოლია ასიათასობით ქართველს, მათ შორის ჩემს მშობლებს, ეროვნული მოძრაობისას, არც მამაჩემს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების ვეტერანს და, არც ჩემს შვილს უმსახურია ქართულ ჯარში, ბევრ ღირსეულ ჯარისკაცთან ერთად, იმისთვის, რომ ასეთ სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებს ასაღებდეს ვინმე დემოკრატიად, სამართლებრივ სახელმწიფოდ ან ევროპულ ღირებულებად.
აქვე ნინო ერთი კითხვაც მექნება. სახალხო დამცველი, რომლის ქვეყანაშიც დაახლოებით 10000 პატიმარია და 4 წლის მანძილზე მხოლოდ 16-ს მოინახულებს რამდენად გულწრფელი, ყველა ადამიანის უფლების დაცვაზე ორიენტირებული, ომბუდსმენი გგონია? ზოგადად სამწუხარო ფაქტია, როდესაც სახალხო დამცველი მოსანახულებელ პატიმართა სიას პოლიტიკური გემოვნებით ადგენს და ორმაგად ტრაგიკულია, როდესაც უკვე ყოფილი სახალხო დამცველი კონსტიტუციით განმტკიცებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას ხელაღებით არღვევს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
P.s ალბათ ეს სურათი “კომპრომატად” გინდოდა წარმოგეჩინა, თუმცა მინდა გითხრა, ჩემი დადებულია სოციალურ ქსელში და იქიდან ჩამოტვირთვაზე რომ არ იწვალო მომავალში, თუ რამე დაგჭირდება თავად გამოგიგზავნი.
მასწავლებლებს კი ნამდვილად პატივს ვცემ ნინო და მიმაჩნია, რომ ბევრმა მათგანმა სასიკეთო ცოდნა მომცა. შეიძლება დღეს ჩემს ზოგიერთ მასწავლებელს ჩემგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდეს, მაგრამ ეს სრულიად მისაღებია და ეს არის ის დემოკრატია, რომლისაც მჯერა." - წერს რატი ბრეგაძე "ფეისბუკში"