ფაქტები ცხადყოფს, რომ მწამებლები თავად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და ახლა ისინი ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რასაც თვითონ „წარმატებით“ აკეთებდნენ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„დრო არის ერთხელ და სამუდამოდ, რომ ყველამ შეაჩეროს რაიმე სახის წამებაზე ლაპარაკი. მწამებლები იყვნენ თვითონ – ეს არის ფაქტებით დადასტურებული და როგორც სამართლებრივად, უნდა აგონ პასუხი, ისე უნდა აგონ პასუხი პოლიტიკურადაც.
მინდა, მათ შევახსენო, რომ მათი პოლიტიკური დანაშაულის ხანდაზმულობა ჯერჯერობით არ გასულა, და, შესაბამისად, ნუ დაავიწყდებათ ის, რომ მათ ამ ყველაფრისთვის სათანადო წესით უნდა აგონ პასუხი. და რა იგულისხმება ამაში? – ჩახედონ სარკეში საკუთარ თვალებს; ასევე, შეხედონ ადამიანებს და მოუხადონ მათ ბოდიში. ნაცვლად ამისა, დღემდე ცდილობენ საზოგადოების რაც შეიძლება უფრო მეტად დამუნათებას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ რასაც აკეთებდნენ თვითონ „წარმატებით“, დააბრალონ სხვას. ეს არის გამორიცხული. შესაბამისად, დრო არის, რომ გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდგომ პოლიტიკურ ვერდიქტს მათთან მიმართებით მიიღებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ