"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციაში, ახალი დაპირისპირებაა.  პარტიის წევრებს შორის განხეთქილების მორიგი მიზეზი, ბათუმის საკრებულოში პარტიის კვოტით შესული ლაშა კილაბერიას მიერ მანდატის დატოვება და სიის მომდევნო წევრით ჩანაცვლებაა.  


როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, მელიას მხარდამჭერებმა განაცხადეს, პარტიის თავმჯდომარემ ბათუმის საკრებულოს სიიდან 3 ადამიანი ისე ამოიღო, არავისთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

ბრიფინგზე თქვეს, რომ ხაბეიშვილმა მელიას მხარდამჭერების დასჯა დაიწყო, რაც კიდევ უფრო ამწვავებს დაპირისპირებას პარტიაში.

"გუშინ, ჩვენთვის სრულიად გასაკვირად, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს წინასაარჩევნო დაპირების შესრულებით, მას ჰქონდეს უწყვეტი საპროტესტო აქციები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, იცლის იმისთვის, რომ შეცვალოს ბათუმელების ნებას. ამისთვის მარტივი ხელმოწერა დასჭირდა და სიიდან ამოიღო ლევანი, როინი, ელზა და შორენა აბაშიძე. მე მიმაჩნია, რომ წარმოუდგენლად ცუდი რამ მოხდა და "ნაციონალური მოძრაობა" არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს", - განაცხადა გიორგი კირთაძემ.


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის მირდატ ქამადაძის თქმით, თუ პარტიის თავმჯდომარე საკუთარ გადაწყვეტილებას არ განმარტავს, მას პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვება მოუწევს.


"სამწუხაროა, რომ "ვარდების რევოლუციის" შემოქმედი პარტია დღეს, ლევან ხაბეიშვილამდე დავიდა. ეს გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ მიიღო, ეს არა არის ევროპული ნაბიჯი, ევროპაში ამ პოლიტიკური კულტურის პოლიტიკოსებს და პარტიებს არ ელოდებიან. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი თუ უღირსად იქცევა პოლიტიკაში, რომელ პარტიას წარმოადგენს ის. შესაბამისად, ან ამ საქციელს ახსნით ბატონო ლევან, თუ არადა დაიხურავთ ქუდს და წახვალთ ამ პარტიიდან", - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

პარტიის წევრებმა აღნიშნეს, კილაბერიას ჩანაცვლებას პარტიის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მისი მომხრეებიდან გეგმავს და არა სიის მომდევნო წევრით, რომელიც მელიას მხარდამჭერია.