ბატონმა გიორგი მუმლაძემ საარჩევნო კამპანიის პერიოდში პრეზიდენტის სასახლის წინ დააანონსა აქციები და იძახდა, სანამ პრეზიდენტს სამკურნალოდ არ გადაიყვანენ, აქედან არ დავიშლებითო, მაგრამ შესცივდა და წავიდა სახლში, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნიკა მელიას მხარდამჭერმა, მირდატ ქამადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკისგან დისტანცირდა, განცხადებას არ აკეთებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სასამართლო პროცესები დაიწყო, კულისებში მყოფმა ადამიანებმა ჩათვალეს, რომ იყო იდეალური მომენტი, პარტიაში გავლენები მოეპოვებინათ და არჩევნები სწორედ ახლა მოითხოვეს.
როგორც მირდატ ქამადაძემ აღნიშნა, ნიკა მელიას მხარდამჭერი გუნდი თანამშრომლობას აპირებს ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან თუ ჯგუფთან, გამონაკლისის გარეშე.
„ქვეყანაში გვჭირდება თავისუფალი მართლმსაჯულება, ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და სამართლიანი არჩევნები. ამ სამ პრინციპს ვინც ეთანხმება, მე არავის არ ვეუბნები, ან ჩემ გვერდით დადგეს, ან ვინმეს გვერდით უნდა დავდგეთ, თუ ეს კომპლექსი კიდევ არის შემორჩენილი. დავდგეთ ქვეყნის ირგვლივ. ქვეყნის ნათელი მომავალი არის ევროპა. ევროპამ რომ მიგვიღოს, ეს სამი პუნქტია შესასრულებელი. ამის შესრულებას ვინც ეთანხმება, გამონაკლისის გარეშე, იმის მიუხედავად, წარსულში ვის ვისთან რა წყენა გვქონია, ეს ადამიანები უნდა დავდგეთ ერთად. სხვა ალტერნატივა არ არის. აქციას მხოლოდ მაშინ აქვს ეფექტი, თუ ეს კომპონენტიც არსებობს“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი ციხეში პოლიტიკური ნიშნით იჯდა, მაგრამ თუ ის მართლა ქვეყანაზე შეყვარებული გულწრფელი პოლიტიკოსია, ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური მართლმსაჯულების დასასრულებლად უნდა ებრძოლა და პოლიტიკის კეთება იმ მეთოდებით არ უნდა დაეწყო, ანუ კულისებიდან მართვით, როგორც ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, ვინც ის ციხეში ჩასვა.
„როდესაც უკვე ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის კი არ იბრძვი, არამედ ემსგავსები იმ ადამიანს, ვინც ციხეში ჩაგსვა მაშინ, მთლად ვაჟკაცურადაც ვერ მჯდარხარ. ეს კითხვები ჩნდება. ვანო მერაბიშვილი უნდა გამოვიდეს საჯაროდ, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ, რომ კულისებიდან მართვა უნდა. კულისებიდან მართვის წინააღმდეგი ვარ“, – განაცხადა ქამადაძემ.
ამასთან, მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ ნიკა მელიას ეგონა, დავით კეზერაშვილი გულწრფელად, ევროპული ღირებულებების გამო უჭერდა მხარს პროდასავლურ პარტიას და გვერდით ედგა, როგორც შეეძლო, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას თურმე პარტიაში არაფორმალური გავლენების სურვილი ჰქონია.
„ეს ასეა, თორემ დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობა საერთოდ არ არის პრობლემა. როდესაც ჩვენ, მაგალითად, ტელეკომპანია „ფორმულას“ ვერთვებით და „ფორმულის“ ეთერით ვესაუბრებით ჩვენს თანამშრომლებს, დიახ, ეს დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობასაც ნიშნავს, ხომ? იმიტომ, რომ ის არის დამფუძნებელი, მაგრამ აქ თანამშრომლობა საჯაროა, საზოგადოებამ იცის ყველაფერი“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
შეკითხვაზე, რა ურთიერთობა ჰქონდა ნიკა მელიას მხარდამჭერ გუნდს ლევან ხაბეიშვილთან და იყო თუ არა ურთიერთობა დაძაბული 9 ნოემბრის ცნობილ ბრიფინგამდე, მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ ეს ერთი პარტია იყო, იმ პერიოდში თანამშრომლობდა ყველასთან და, პერსონალურად, დღემდე არავისთან არ აქვს დაძაბული ურთიერთობა.
„მე ეს დღემდე მიკვირს და ჩემს გაკვირვებას იწვევს. ბატონი ლევან ხაბეიშვილისგან არ ველოდი ასეთ თავდასხმებს. მართლა ყველაფერი გვაკადრა, რისი კადრებაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. მგონია, რომ ჩვენ მაქსიმალურად კორექტულები ვართ და არსად ზედმეტი სიტყვა არ გაგვქცევია მის მიმართ“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.