ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი აირჩიეს.
პარლამენტის წევრებმა კომისიის თავმჯდომარედ მარიამ ლაშხის, ხოლო კომისიის მდივნად - ეკა სეფაშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.
მარიამ ლაშხმა კომისიის წევრებს დროებითი კომისიის დებულების პროექტი გააცნო და იმ მიზნებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელზეც კომისია იმუშავებს.
მისი განმარტებით, კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობს ბავშვთა უფლებების დაცვას სხვადასხვა მიმართულებით, ასევე ქალთა აქტიურ ჩართულობას პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში და დემოგრაფიული საკითხების გადაწყვეტას.
დროებითი კომისია პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კანონპროექტების და დადგენილების პროექტების შემუშავებაში, რომლებიც ქალთა და ბავშვთა საკითხებზე იქნება მიმართული. კომისია ასევე შეისწავლის ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს და მათ გადასაჭრელად შესაბამის დასკვნებს, რეკომენდაციებსა და საკანონმდებლო წინადადებებს მოამზადებს.