„ხალხის ძალის“ ინიციატივას საქართველოს პრეზიდენტი ემიჯნება. უკვე ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი მას მხარს არ დაუჭერს.
„სწორედ იმ დროს, როცა მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება, როცა 24 თებერვლის მოახლოება, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის, სულ უფრო აქტუალურს ხდის ევროპული მომავლის საკითხს, სწორედ ამ დროს ირჩევს ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომ მოახდინოს კანონის ინიცირება, რომელიც თავისი შინაარსით ევროპას კი არა, რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს. და ეს ხდება იმ დროს, როცა ქვეყანაში ამერიკელი სენატორების დელეგაციაა ჩამოსული! ამ ყველაფერს შემთხვევითობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს.“ - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
20 თებერვალს ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.
შეგახსენებთ: პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.
დოკუმენტთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილს შენიშვნები ჰქონდა, თუმცა მათ პარლამენტის თავმჯდომარემ ურჩია, შინაარსობრივ განხილვებში ჩაერთონ და საკუთარი მოსაზრებები სწორედ ამ ფორმით დააფიქსირონ. უახლოეს პერიოდში კანონპროექტზე საკომიტეტო მოსმენები დაიწყება.