ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, დღეს უნდა გამოვაცხადოთ მთავრობა, ამომრჩეველმა წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან და ესენი იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, სანდოობით აღჭურვილები და არაპოლიტიკოსები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე - მზად ხართ იყოთ ქვეყნის პრემიერი? გაქვთ ამაზე ნაფიქრი? - ზურაბიშვილი პასუხობს: „რაზე მაქვს ნაფიქრი, აქ ამაზე არ გიპასუხებთ. მყავს ძალიან კარგი კანდიდატი. ჯერ ვნახოთ! ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე. მგონი,დღეს ყველაზე სწორ გზაზე ვდგავართ და გავყვეთ ამ გზას“.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით ორშაბათს პარტიებთან შეხვედრები აქვს დაგეგმილი. 

„ქარტიაში წერია, რომ პრემიერი ჩემთან კონსულტაციაში უნდა იყოს შერჩეული, მე უკვე მყავს კანდიდატი, ახლა არ გეტყვით, ჯერ პარტიებთან უნდა შედგეს კონსულტაციები და შევჯერდეთ... მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, დღეს უნდა გამოვაცხადოთ მთავრობა, ამომრჩეველმა წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან და ესენი იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, სანდოობით აღჭურვილები და არაპოლიტიკოსები. რატომ? - იმიტომ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, თუ მთავრობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან შედგება. ვხედავთ თუნდაც ამ კონსოლიდირებულ 4 პარტიას, რამდენი შიდა წყენა, სხვადასხვა მოსაზრება, მსოფლმხედველობა არსებობს, ამ ეტაპზე, როცა ერთი მიზანი გვაქვს, ის ყველაფერი გავაკეთოთ, რაც მომავალი წლის ივნისამდე მიგვიყვანს იმ ადგილზე, სადაც გვინდა ვიყოთ...

ორშაბათს პარტიებთან შეხვედრები უნდა დავიწყო, დღეს ვაცხადებ, რომ ველოდები მათ ორშაბათს იმისთვის, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები, კონსულტაციები კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით, ძალიან ცოტა დრო გვაქვს არჩევნებამდე. მე ხომ არ ვიცნობ ყველას - ვინ რომელი მინისტრი უნდა იყოს, ყველას ექნება საშუალება, კანდიდატურები წარადგინოს, ერთადერთი - პოლიტიკოსები ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, არა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.