მართლა თუ მჯერა და მწამს, რომ ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, ანგრევს ჩვენს მიერ აშენებულ სამიათასწლოვან სახელმწიფოს, ეს არის მათ მიერ განხორციელებული აქტი და თავგანწირვა გადაიხდის, თუ არ გადაიხდის [გირაოს]?! - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციის მისამართით.
წამყვანმა მიხეილ ყაველაშვილს ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ ოპოზიციის ნაწილს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო აქვთ შეფარდებული, რომლის გადახდას არ აპირებენ. გირაო გადაუხდელობის გამო "გირჩი - მეტი თავისუფლების"ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე დააკავეს.
„მართლა თუ მჯერა და მწამს, რომ ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, ანგრევს ჩვენს მიერ აშენებულ სამიათასწლოვან სახელმწიფოს, ეს არის მათ მიერ განხორციელებული აქტი და თავგანწირვა გადაიხდის, თუ არ გადაიხდის [გირაოს]?! ამით შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას. საუბრობდნენ არჩევნების გაყალბებაზე და ერთი ფაქტი ვერ მოიყვანეს. რუსეთთან ურთიერთობების საკითხშიც, სად დაინახეს რუსეთის გუბერნიად გახდომის მცდელობა?!“ - აღნიშნა ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000 ლარიანი გირაოს გადაუხდელობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 16 აპრილის ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა.