ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, თავის დროზე მოხდება არჩევნების თარიღის გამოცხადება და თავისუფალ გარემოში ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა. მივესალმები ყველა იმ ძალას, ვინც ამ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და საკუთარ გზავნილებს მიიტანს თავის ამომრჩევლამდე და საზოგადოებამდე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას.
მისი თქმით, აუცილებელია გაჯანსაღდეს ოპოზიციური ფლანგი, რაც პირველ რიგში ქვეყანას სჭირდება. პრეზიდენტის აზრით, გამარჯვებულ პარტიას ყოველთვის სჭირდება კონკურენტი.
„ჩვენ ერთმანეთს უნდა შევეჯიბროთ უკეთეს მართვაში, ამაში უნდა იყოს საზოგადოება ჩართული და მომთხოვნი, რომ რომელია უკეთესი და არა რუსულია თუ ევროპული. ტერმინ რუსულს მიზანმიმართულად იყენებენ, რომ ზიზღი გააღვივონ.
ახლა ვინც არიან წარმოდგენილები, თავის თავზე დამოკიდებულები არ არიან. შეიძლება არსებობენ ძალები, რომლებიც გაერთიანდებიან და ერთობლივად მიიღებენ ამ პროცესებში მონაწილეობას და იბრძოლებენ გამარჯვებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.