ამ არჩევნებით ჩვენ მთავარი არჩევანი უნდა გავაკეთოთ: ან ევროპული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველო, ან რუსული ყაიდის, ავტორიტარული და იზოლაციაში მყოფი საქართველო! -  ამის შესახებ პრეზიდენტმა დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ 33 წლის წინ შევუდექით ამ გზას და ამ გზაზე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებას. მხარს გვიჭერდნენ მორალურად, პოლიტიკურად, ფინანსურად და ინსტიტუციურად. დღეს მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს ვიღაცები დავარწმუნო იმ ფაქტში, ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი; ხომ ვიცით ვინ წაგვართვა ტერიტორიები, ვინ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ვინ იცავს ჩვენს სუვერენიტეტს და არაღიარების პოლიტიკას; ხომ ვიცით ვინ აკრძალა ქართული ენის სწავლა და ვინ აღიარა და დაიცვა ქართული ანბანი; ხომ ვიცით ვინ დაგვინგრია და ვინ აგვიშენა სკოლები; ხომ ვიცით ვინ გვიჭედავს ეკლესიის კარს და ვინ გვეხმარება ჩვენი ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და გადარჩენაში; ხომ ვიცით ვინ დაგვიწუნა და გამოდევნა ქართული ღვინო და ვინ დააფასა და აღიარა საქართველო ღვინის სამშობლოდ; ხომ ვიცით ვისი დახმარებით გახდა ჩვენი ჯარი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი; ვისი დახმარებით გაძლიერდა სოფლის მეურნეობა და კიდევ, ვინ მოთვლის და რა დათვლის, რა დაგვიშავა მტერმა და რა გაგვიკეთა მეგობარმა.

ამიტომ არის, რომ ჩვენს კონსტიტუციაში ასახული საგარეო კურსი ჩვენი უალტერნატივო მომავალია. გამოსავლის გზის მეორე  ქვაკუთხედია სტაბილურობა. ამ რეგიონში და ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენთვის მშვიდობიანი პროცესების გარდა, გამოსავალი არაა. არ არის და ვერ იქნება გამოსავალი რევოლუციების, სახელმწიფო გადატრიალების, დესტრუქციის, ანუ დესტაბილიზაციის გზა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გარეთ ეს ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მტერს და შიგნით – ხელს უწყობს მშვიდობიანი პროცესის დივერსიად წარმოჩენას, დაშინებას, რეპრესიებს და საბოლოოდ, ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებას. სტაბილურობის შენარჩუნების გზა კი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე გადის.

არჩევნები დემოკრატიულობის ერთადერთი გზა და ერთადერთი საზომია, არჩევნები დემოკრატიულობის მთავარი ტესტი, რითაც ასევე უნდა შეფასდეს ჩვენი მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამ არჩევნებით ჩვენ მთავარი არჩევანი უნდა გავაკეთოთ: ან ევროპული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველო, ან რუსული ყაიდის, ავტორიტარული და იზოლაციაში მყოფი საქართველო! ასეთ არჩევანს კი სახალხო რეფერენდუმი ჰქვია. სწორედ ამიტომ, მომავალი არჩევნები ამ ქვეყნისთვის იმავე მნიშვნელობის იქნება, როგორიც 1918 წლის არჩევნები, ან 1991 წლის რეფერენდუმი იყო – ანუ ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება. ხალხის ხმამ და ხალხის ნებამ ქართველი ერი ხელახლა უნდა დაბადოს და მას საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა დაუბრუნოს.

ჩვენ ჩვენს თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ შეგვიძლია ყველაფერი და რომ ჩვენს მომავალს ვერავინ წაგვართმევს. ამ არჩევნებით უნდა ვუპასუხოთ ახალგაზრდების, და არა მხოლოდ მათ მოლოდინს და გავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობების ველი. ისინი ქვეყნიდან წასვლაზე კი არ უნდა ფიქრობდნენ, არამედ იმაზე, რომ ეს მიწა მათია და მათ უნდა დაწერონ ქვეყნის მომავლის ფურცელი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.