თქვენ შეძელით, კრეატიულობით, თქვენ ქართველობით, სილაღით , ევროპულობით მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს თუ არა ევროპული და ქართული, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს შეხვედრისას.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ხნის მერე შესაძლებლობა მეძლევა, ყველას გითხრათ მადლობა. ეს არის ჩემი სურვილი და მოვალეობა, რომ მადლობა გამოვხატოთ იმისათვის, რაც ახალგაზრდებმა გააკეთეთ თქვენი ქვეყნისთვის და ეს არ არის პატარა რამ, თქვენ შეძელით და მოგვეცით ახალი იმედი. დაგვანახეთ ჩვენი თავი სხვანაირად, რომ თურმე ამ ქვეყანას ჰყოლია ძალიან ცოცხალი, შეგნებული, ღირსეული ახალგაზრდობა. ახალგაზრდობა, რომელმაც იცის რა ელის ქვეყანას, რა დღეშია ქვეყანა და რა გადაწყვეტილება აქვს ქვეყანას მისაღები და იცის თვითონ, როგორი მომავალი უნდა თავისი ქვეყნისთვის.
ჩვენ არ ვიცოდით, რომ თქვენ ასე ღრმად ფიქრობდით სამშობლოზე. ეს არა მხოლოდ ჩვენ დაგვანახეთ, თქვენ ეს დაანახვეთ მსოფლიოს. ისეთი სურათი გააშუქეთ საზღვრებს იქით, რომ ის ეჭვები, რაც საქართველოს მიმართ არსებობდა, უცებ თქვენი ყოველდღიური ბრძოლით ეს გადაიქცა პოზიტიურ სურათად. ახალგაზრდები, რომლებიც გამოდიოდნენ ყოველდღე იმისათვის, რომ უნდათ ევროპული მომავალი და არა რუსული, ან რუსულ ყაიდაზე გადაყვანილი საქართველოს მომავალი.
თქვენ შეძელით, კრეატიულობით, თქვენ ქართველობით, სილაღით , ევროპულობით მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს თუ არა ევროპული და ქართული. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ თქვენ დიდი საქმე შეძელით. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს რა საქმე, ჩვენ ვერ დავამარცხეთ „რუსული კანონო“ - თქვენ უკვე გაიმარჯვეთ და გამარჯვებული დადიხართ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.