ჩვენი გუნდის განზრახვაა, რომ საგამოძიებო კომისიის საფუძველზე მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკმაოდ მალე საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული, რათა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები, გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 

„150 ახალგაზრდა მარტო ქუჩაში მოკლეს, პირდაპირ საჩვენებელ მკვლელობებს აწყობდნენ შუა ქუჩაში, ციხეებში 140-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა წლის განმავლობაში. რომ ავიღოთ 2010-2011 წლების სტატისტიკა, 140-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა და სტატისტიკა საშუალოდ 20-ს ჩამოსცდა, როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ 100-ზე მეტ ადამიანის მარტო ციხეებში კლავდნენ ყოველწლიურად, ამ დონის რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული. ბიზნესის რეკეტი პირდაპირ შეეხო ათი ათასობით ადამიანს, დაახლოებით ათი ათასმა კაცმა სახელმწიფოს აჩუქა თავის ქონება. მედიასთან დაკავშირებით ჩემზე კარგად გახსოვთ ყველაფერი რა ვითარება იყო, ომი დაიწყეს 400-ზე მეტი ადამიანი, ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი შეეწირა მათ მიერ დაწყებულ ომს. უამრავ ადამიანს მარტო სიცოცხლის დაკარგვის დონეზე შეეხო ეს რეჟიმი რომ არაფერი ვთქვათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ნერვებზე. დღეს რეალურად ვიხსენებთ იმას, რაც ყველას გვახსოვდა, უბრალოდ ემოციურ დონეზე გვქონდა მივიწყებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში. კიდევ ერთხელ იკრიბება ფაქტები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, ეს არის მთლიანად ჩვენი გუნდის განზრახვა, რომ ამ პროცესის საფუძველზე მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკმაოდ მალე საკონსტიტუციო სასამართლოში. ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული, რათა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები, გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.