„ენჯეოებისა“ და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალობა გამოიყენება მათ მიერ იმგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლებიც ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალურმა პარტიებმა, „ენჯეოებმა“ და მედიასაშუალებებმა 3 წელი არ დაასვენეს ეს ქვეყანა.

 „მთლიანობაში, რადიკალურმა პარტიებმა, „ენჯეოებმა“ და მედიასაშუალებებმა 3 წელი არ დაასვენეს ეს ქვეყანა. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ნომინალური ეკონომიკა დოლარში 2021-23 წლებში გაორმაგდა. თუმცა, რომ არა რევოლუციური მცდელობები საქართველოს ეკონომიკა დამატებით 5 მილიარდი დოლარით მაინც გაიზრდებოდა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად მილიარდი დოლარით მეტი მაინც შევიდოდა, რაც არსებული სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების მნიშვნელოვნად გაფართოების საშუალებას მოგვცემდა.

შესაბამისად, „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა საქართველოს სახელმწიფოს არა მხოლოდ პოლიტიკურ პრობლემებს უქმნის, არამედ მისი ეკონომიკის განვითარებისა და ბიუჯეტის გაზრდისთვისაც მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ „ენჯეოებისა“ და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალობა გამოიყენება მათ მიერ იმგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლებიც ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად ეწინააღმდეგება. ესაა - ნარკოტიკების პროპაგანდა, ლგბტ-პროპაგანდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე პერმანენტული შეტევა, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენცია, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის მცდელობა, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის დაბრკოლებების შექმნა და ა.შ. უმჯობესია, რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე ძალადობრივი აქცია ვიხილოთ ახლა, ვიდრე საქართველო რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დავტოვოთ.

ამის არდაშვება არის ჩვენი, როგორც ხელისუფლების, პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა. გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, ამ დღეებში რადიკალური პოლიტიკური უმცირესობა ანიავებს იმ ძალადობრივ რესურსს, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა შემოენახა, რაც საარჩევნოდ მომზადებული რევოლუციური სცენარის პრევენციას ეფექტურად უზრუნველყოფს,“- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი

საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. 

ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. 

 სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება 30 აპრილის აქციაზე არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე

ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას    

რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

ცნობისთვის,   საქართველოს პარლამენტმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.