მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისათვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეტი სიფრთხილისთვის - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არჩევნების წინ ფალსიფიცირებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გავრცელების თაობაზე სუს-ის განცხადებას შეეხებოდა.
„პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომელთაც არ უნდათ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. აქ საუბარია როგორც გარედან მოქმედ ძალებზე, ისე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებზე, ანუ იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები.
მე მგონია, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა არჩევნების შედეგებზე, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონკრეტულად, არიან ფხიზლად, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისათვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისათვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რათა მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ,“- განაცხადა პრემიერმა.