მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაზე იყო უამრავი სპეკულაცია, რომლებსაც უკავშირებდნენ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და აცხადებდნენ, რომ წაგვლეკავდნენ უცხოელი მიგრანტები, საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვით, მთლიანობაში, სარგებლობს 4 827 პირი და აქედანაც ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენად სპეკულაციური იყო მოკლევადიან ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული ეს განცხადებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას იღებდა პირი, რომელიც საქართველოში შეიძენდა 100 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას და ეს ზღვარი 150 000 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
„მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა - ამაზე იყო უამრავი სპეკულაციები. გახსოვთ, რომ ამ სპეკულაციებს უკავშირებდნენ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს და აცხადებდნენ, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვებით წაგვლეკავდნენ ჩვენ უცხოელი მიგრანტები. მთლიანობაში, გეტყვით, როგორი სტატისტიკაა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ნაწილში. შეგახსენებთ, რომ მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას იღებს პირი, რომელიც საქართველოში შეიძენს ისეთ უძრავ ქონებას, რომლის ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარს და ეს ზღვარი არის გაზრდილი 150 000 აშშ დოლარამდე. მთლიანობაში, საქართველოში იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც სარგებლობენ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვით, არის 4 827 პირი, აქედანაც ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენად სპეკულაციური იყო ის განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას.
ბინადრობის ნებართვა საქართველოს ყოფილი მოქალაქისათვის გაცემულია 2 716 პირზე, 2.5. %-ია მათი ხვედრითი წილი მთლიან სტატისტიკაში. სპეციალური ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 1952 პირზე, სპეციალური ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება, იყოს ტრეფიკინგის დანაშაულის მსხვერპლი, ან დაზარალებული, ანუ რეალურად თავშესაფარს ვაძლევთ ასეთ პირებს საქართველოში.
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა სულ არის გაცემული 1347 პირზე და ეს ნებართვა გაიცემა იმ უცხოელზე ამ მისი ოჯახის წევრზე, რომელმაც განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, ან რომელსაც საქართველოში აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, რომლის ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარს. მუდმივი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 646 პირზე, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვის გაგრძელება 223 პირზე, IT ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 92 პირზე. სინამდვილეში, IT სექტორში ბევრად მეტი უცხოელია დასაქმებული საქართველოში, თუმცა ჩამოყალიბებული პრაქტიკა არის ის, რომ ეს პირები იღებენ არა IT ბინადრობის ნებართვას, არამედ სტანდარტულ შრომით ბინადრობის ნებართვას. სასურველია, რომ ამ მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალოს და დაიხვეწოს. უვადო ბინადრობის ნებართვა გაცემულია 14 პირზე, ხოლო დროებითი ბინადრობის ნებართვა - 4 პირზე. ეს არის საერთო სტატისტიკა, რაც სრულ სურათს გვიჩვენებს ბინადრობის ნებართვის სტატისტიკის თვალსაზრისით,“- აღნიშნა პრემიერმა.









