სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ მარიონეტი, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს. აქედან გამომდინარე, ყველამ კარგად იცის ეს ყველაფერი, მათ შორის იმ უცხოელებმა იციან, ვისის აგენტია სალომე ზურაბიშვილი, მის ნათქვამს ფასი არ აქვს არც ოპოზიციისთვის, არც უცხოელებისთვის და არც ქართველი ხალხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილის ყველა განცხადებას აქვს ნულოვანი ფასი. რაც შეეხება სიტყვა „კოშმარს“, მას სიტყვა გაექცა რეალურად. არ შეიძლება, ერთი აგენტის საუბრობდეს ზუსტად იმავე სიტყვებით, როგორ საუბრობენ სხვა აგენტები. ეს სიტყვა არის სხვა აგენტების ტერმინი, უცხოელი აგენტების და სწორედ აგენტები იყენებენ ამ ტერმინს „ქართული ოცნების“ მიმართ. მე არ ვურჩევდი სალომე ზურაბიშვილს, რომ მომავალში ზუსტად იმ იდენტური ტერმინებით ისაუბროს, როგორც სხვა აგენტები საუბრობენ. ამით ის შიფრავს საკუთარ როლს. კონკრეტული უცხოელები, თავადაც აგენტები იყენებენ ამ ტერმინს.
არ არის სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი. მან თავადვე აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, როცა მას მიმართა სარჩელით და ეს არის ის სასამართლო, რომელმაც დაადგინა, რომ ზურაბიშვილი არის არალეგიტიმური პრეზიდენტი. ერთადერთი, რის ხარჯზეც სალომე ზურაბიშვილი ფორმალურად ინარჩუნებს პრეზიდენტის თანამდებობას, არის „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა, მათი ხმების ხარჯზე დარჩა ის ამ თანამდებობაზე. მას შემდეგ ის არის არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი და მარიონეტი. რაც ხდება, ეს არის კოორდინირებული მოქმედება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და ამაში არიან ჩართულები აგენტები“, – განაცხადა კობახიძემ.