ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულებისთანავე ჩვენ არსებითად გავაუმჯობესებთ და გადავტვირთავთ საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და აშშ-სთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronew-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
კითხვაზე, თუ რა დონეზეა დიალოგი ევროკავშირთან საქართველოს გაწევრიანების თაობაზე და როგორია შემდეგი ეტაპი ამ მხრივ საქართველოსთვის, პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გარკვეული გამოწვევებია დიალოგის თვალსაზრისით.
„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ ვდგავართ გარკვეული გამოწვევების წინაშე დიალოგის თვალსაზრისით. თუმცა, ზოგადად, თუ შევაჯამებთ ჩვენი პოლიტიკის შედეგებს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ წარმატებით გადადგა ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპაში ინტეგრაციისკენ.
ჯერ კიდევ 2014 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ ასევე ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ შეთანხმებას. ჩვენი მოქალაქეებისთვის ჩვენ ასევე მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოსთვის მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულებისთანავე ჩვენ არსებითად გავაუმჯობესებთ და გადავტვირთავთ საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირსა და აშშ-სთან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ევრონიუსის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.