ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვესწრები ამ ძალიან მნიშვნელოვანი პუბლიკაციების - „ბიბლია პოლიგლოტა“ და „დიდნი კურთხევანი სქოლიოებით“ - წარდგენას, მით უფრო, რომ დღევანდელი ღონისძიება ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 47-ე და დაბადებიდან 92-ე წლისთავს ეძღვნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პუბლიკაციების წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"სწორედ უწმინდესის სახელთან, მის უდიდეს პირად ძალისხმევასთან არის დაკავშირებული ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში სემინარიებისა და აკადემიების დაარსება, სასულიერო სწავლების, მწიგნობრობისა და მეცნიერების უპრეცედენტო აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში.
პუბლიკაციები, რომლებიც დღეიდან უმნიშვნელოვანეს შენაძენად იქცევა ჩვენი საზოგადოებისთვის, ამ დიდი ძალისხმევის კიდევ ერთი თვალსაჩინო შედეგია. მათი გამოცემა არა მხოლოდ ქართული ეკლესიის, მეცნიერების, მთლიანად საზოგადოებისათვის, არამედ ზოგადად ქრისტიანული სამყაროსთვის არის მნიშვნელოვანი.
მინდა, მადლობა გადავუხადო მამა გიორგი ზვიადაძეს და ედიშერ ჭელიძეს. როგორც ცნობილია, პუბლიკაციები პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მომზადდა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწორედ მამა გიორგი ზვიადაძის ხელშეწყობით და ედიშერ ჭელიძის თაოსნობით. მადლობას ვუხდი ყველას, ვისი ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ამ უმნიშვნელოვანესი ნაშრომების გამოცემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.