საქართველოს გმირის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 5 წლისთავს ეხმაურება საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
"დღეს 5 წელი შესრულდა თანამედროვე საქართველოს გმირის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან. სამშობლოსათვის გმირული თავდადებით არჩილმა ქართველი კაცის ღირსების, შეუპოვრობისა და პატრიოტიზმის მაგალითი დაუტოვა მომავალ თაობებს. ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს მის ნათელ ხსოვნას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა." - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ: ქართველი გმირი ოკუპანტებმა ცხინვალში ახალგორიდან გადაიყვანეს და წამებით მოკლეს.
ცხედრის გადმოცემას ოჯახი ერთი თვის განმავლობაში ელოდა.
ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, სამხედრო პატივით დაკრძალეს. განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცისთვის ის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.