როდესაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ავა პოლიტიკურ სცენაზე და მოითხოვს მთავრობის გადადგომას, ყველას ეცოდინება, რომ ამ შემთხვევაში მთავრობის გადადგომას ითხოვს კონკრეტული დონორი ორგანიზაცია, რაც დააზღვევს ბევრ რამეს, დააზღვევს მათ შორის დონორს და შეამცირებს ამ ორგანიზაციის ცდუნებას, ბოროტად ისარგებლოს დონორის თანხებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.
„მაგალითისთვის, რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს - როდესაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ავა პოლიტიკურ სცენაზე და მოითხოვს მთავრობის გადადგომას, ყველას ეცოდინება, რომ ამ შემთხვევაში მთავრობის გადადგომას ითხოვს კონკრეტული დონორი ორგანიზაცია, რაც დააზღვევს ბევრ რამეს, დააზღვევს მათ შორის დონორს და შეამცირებს ამ ორგანიზაციის ცდუნებას, ბოროტად ისარგებლოს დონორის თანხებით. ანუ, გამჭვირვალობის პირობებში დონორის თანხებს ვეღარ გამოიყენებს რევოლუციურ პროცესებში ჩასართავად, ან რა მაგალითიც ვახსენე - სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვისთვის. როცა ეცოდინება საზოგადოებას, რომ ამ შემთხვევაში მოქმედებს არა არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ კონკრეტული დონორი დგას მის უკან, რა თქმა უნდა, ამასაც ექნება სერიოზული დამზღვევი ეფექტი. ანუ გამჭვირვალობა არის სწორედ ამ კუთხით მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებას ეცოდინება, თუ ვინ აფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციას, შესაბამის ორგანიზაციას უკვე გაუჭირდება, ჩაერთოს ისეთ აქტივობებში, რომლებიც არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს - ეს არის რევოლუციური პროცესები, არეულობის შემოტანა ქვეყანაში, ლგბტ პროპაგანდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმა, ნარკოტიკების პროპაგანდა, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვა. როცა საზოგადოება იქნება ინფორმირებული დაფინანსების წყაროების შესახებ, ამას ექნება სერიოზული დამზღვევი ეფექტი“, - აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო