ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ძალადობა, ზოგადად, „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა.
„ელისაშვილის ძალადობა გაგიხარდათ, პირდაპირ განცხადებები იყო თქვენი ჟურნალისტების, თუ როგორ გაგიხარდათ ელისაშვილის ძალადობა. გპირდებით, ხვალ დავდებ თქვენს პოსტებს, როგორც დაიდო ეს ინფორმაცია თქვენს „ფეისბუქზე“ და ასევე როგორი იყო თქვენი კოლეგების გამოხმაურება ამ ძალადობაზე, „ენჯეოების“, თქვენი თანაპარტიელების და ა.შ. რაც შეეხება ჟურნალისტებზე ძალადობას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს ჟურნალისტებზე ძალადობა. არცერთი არ დაგიგმიათ. ეს ხომ სირცხვილია, კოლეგაა. რაღაც ფორმალური კოლეგიალობა მაინც ხომ არსებობს. როდესაც სპორტსმენებზე ძალადობენ ფსიქოლოგიურად, ხომ არ დაგიგმიათ. პოლიტიკოსებზე ფსიქოლოგიურად თავად ძალადობთ და ასე შემდეგ. ზოგადად, ძალადობა არის თქვენი პარტიის ხელწერა. ნებისმიერი ფაქტი მიიტანეთ სამართალდამცავ სტრუქტურებში და გპირდებით, ბოლომდე ჩავყვებით. რა დანაშაულიც არის ჩადენილი, გამოვიძიებთ. ჩვენი დანაშაული არ არსებობს. ბანდები არის თქვენი პარტიის ხელწერა, მაგას აკეთებთ 2003 წლიდან მოყოლებული. რაც შეეხება ძალადობას, რომელიც განხორციელდა, თითო ფაქტს ბოლომდე ჩავყვებით“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, ყველანაირი ძალადობა დასაგმობია, თუმცა ზოგიერთი ამას მხოლოდ ცალმხრივად აკეთებს.
„თქვენ გმობთ ცალმხრივად ძალადობას, რაც არასწორია. მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გააკეთებს – ვგმობ, სახელმწიფოს წარმომადგენელი გააკეთებს – ვგმობ, ოპოზიციის წარმომადგენელი გააკეთებს, ვგმობ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.