შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისთვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.
„მე ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, მათ შორის ბოლო შეხვედრების შემდეგ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ახლა არის მზაობა დისკუსიისთვის კანონის ნორმებთან დაკავშირებით. ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები. ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თავად არ წერს ვეტოს კანონპროექტებს, ან NGO-ები უწერენ, ან გარედან უწერენ, შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ და შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისთვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. აქ უკვე პრინციპში ჩვენი პარტნიორები იძულებული იქნებიან, წარმოადგინონ კონკრეტული შენიშვნები და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში. იცით, რომ როდესაც ვეტო შემოდის, ვეტო უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონკრეტული კანონპროექტის სახით. აქ უკვე იძულებაა, რომ კონკრეტული რაღაც შემოგთავაზონ. მანამდე მზად ვართ პოზიციების შეჯერებისთვის, დისკუსიისთვის, ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა და მზაობა. ბოლო ტენდენციები რაც არის, არის ძალიან კარგი, ვხედავთ კონსტრუქციულობის ელემენტებს. თუ აქამდე იყო ზოგადი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი არ ვარგა, რატომ არ ვარგა ვერ გავიგეთ, არანაირი კონკრეტიკა, ახლა უკვე ვხედავთ მეტ მზაობას, რომ გამოავლინონ კონსტრუქციული მიდგომა და შემოვიდნენ კონკრეტულ განხილვაში კანონპროექტთან დაკავშირებით, რასაც მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა პრემიერმა.