უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში, უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას და თქვა, რომ ქართული მხარე უნდა შეეცადოს და ომზე კომენტარები არ გააკეთოს.
მისი განცხადებით, უკეთესი იქნება, თუ საქართველო ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს, რაც თავად საქართველოსთვის იქნება სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი:
"რა თქმა უნდა, არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს. სამდღიან ომში რუსეთი, რა თქმა უნდა, „იმარჯვებს“. სასურველი იქნებოდა, ბატონი კობახიძე თუ შეისწავლიდა, როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა. ჩვენ ერთი წელია ომში ვართ და რუსეთს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება. რუსეთი გაჭიანურებულად იბრძვის მოკლე მანძილებზე და ვერ ახერხებს ნახევარ კილომეტრზე ან კილომეტრზე მეტ წინსვლას. საკითხავია, რამდენად სწრაფად გაიქცევა რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ამაზე კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელოთ", - განაცხადა პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.
9 თებერვალს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ომში ჩართვის მიმართ "მანკიერი სურვილი" იზრდება, რადგან უკრაინასთან ომში "ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა აქვს". მისივე სიტყვებით, ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო.