მანდატების შეწყვეტას თუ მოითხოვენ, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა მაშინვე დაკმაყოფილდება სამართლებრივი პროცედურებით, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„ნაციონალურ მოძრაობას“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ პარლამენტის მუშაობაში არც დადებითი წვლილის შეტანა შეუძლია და არც უარყოფითის, რაც გამოჩნდა გასული ორი წლის განმავლობაში. ოპოზიცია საკმარისად არის წარმოდგენილი პარლამენტში და რა თქმა უნდა, გაგრძელდება მათთან თანამშრომლობა, რასაც ვაკეთებდით. სადაც იყო მაქსიმალური ძალისხმევა, ასეთივე მაქსიმალური ძალისხმევით გავაგრძელებთ თანამშრომლობას ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილი. შესაბამისად, არავითარი ცვლილება არ იქნება. ყველა საკითხზე, მათ შორის, 12 პუნქტის შესრულებაზე გაგრძელდება მუშაობა პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მანდატებზეც იტყვის უარს, ძალიან კარგი იქნება. მანდატები ექნებათ, თუ არ ექნებათ, შემოვლენ, თუ არ შემოვლენ, ეს არც ასე და არც ისე, არანაირად არ აისახება ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, თუ მოითხოვენ მანდატების შეწყვეტას, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა მაშინვე დაკმაყოფილდება სამართლებრივი პროცედურებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეკითხვაზე, როგორ აისახება ეს ყველაფერი საერთაშორისო პარტნიორების თვალში, რომელთა ბოლო, ყველაზე მთავარი გზავნილი პერმანენტულად იყო ის, რომ 12 პუნქტის გარშემო ინკლუზიური პროცესი ყოფილიყო, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროცესი არის ინკლუზიური და ასეც გაგრძელდება.
„პარლამენტში არა ერთი ოპოზიციური პარტიაა წარმოდგენილი და ვისაც ექნება კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილი, ყველასთან გვექნება სათანადო თანამშრომლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.