რაც შეეხება ოჯახს, ჩვენ ერთ ნავში ვართ. ოჯახური ღირებულებების დასაცავად მიღებული კანონის მიზეზით ევროკავშირმა უნგრეთს ფინანსური სანქციები დაგვიწესა, - განაცხადა „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

წამყვანმა ჰკითხა, მიაჩნია თუ არა, რომ საქართველოში ახლახან მიღებული ორი კანონი ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება და თუ მიიჩნევს, რომ ამ კანონების მწვავე კრიტიკა, კონკრეტული ძალების მიერ ქვეყანაზე ზეგავლენის მცდელობაა.

„ჩვენ უნგრეთში მსგავსი კანონები გვაქვს. გასაგებია თუ რატომ გახდა კრიტიკის სამიზნე თქვენს მიერ ამ კანონმდებლობის მიღება. ყოველგვარი ჩარევის გარეშე, როგორც უცხოელი გავბედავ და გეტყვით, რომ ეს ორი კანონი ბევრში სიმპათიას გასაგები მიზეზებით იწვევს და აი რატომ. როდესაც საკუთარ სუვერენიტეტს იცავ, აცხადებ, რომ გსურს თავიდან აიცილო უცხოური ჩარევა, ეს მკაფიო და გასაგებია. ჩვენ ასევე ვართ ჩვენს პოლიტიკურ პროცესებზე უცხოეთიდან გავლენის მოხდენის მცდელობის სამიზნე. 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებისას მაგალითად, მასიური, დიდი მასშტაბის მცდელობა ვიხილეთ ჩვენს შიდა საქმეებში, საარჩევნო პროცესში ჩარევისა. უკვე ცნობილია, რომ ათობით მილიონი დოლარი ოპოზიციის ყულაბაში აღმოჩნდა, იქნებოდა ეს პარტია, ეგრეთწოდებული NGO, თუ მედია საშუალება. ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიაში, ათობით მილიონი დოლარი შემოვიდა გარედან, ძირითადად ოკეანის გაღმიდან.

იმ შემთხვევაში, თუ უცხოური ფინანსური ფონი გამოიყენება ხალხის ნებაზე ზემოქმედებისთვის, ეს სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა. გამომდინარე აქედან, მესმის თუ რატომ მიიღო თქვენმა ხელისუფლებამ ეს კანონი, მას სურს თავიდან აიცილოს უცხო სახელმწიფოთა ჩარევა შიდა პოლიტიკაში. ეს ლეგიტიმური ნაბიჯია.

რაც შეეხება ოჯახს, ჩვენ ერთ ნავში ვართ და აი რატომ, ჩვენი მრწამსისა და ტრადიციების თანახმად, უნგრეთში ქორწინება შეიძლება მხოლოდ კაცსა და ქალს შორის, ჩვენი გაგებით ოჯახი შედგება დედისგან, მამისგან, ვაჟისა და ქალიშვილისგან, ჩვენ მიგვაჩნია რომ დედა ქალია, მამა კი კაცი. ხომ სიგიჟეა, ამაზე რომ გვიწევს საუბარი არა?! ეს ხომ ყველასთვის გასაგებია, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს მსოფლიოში ვხედავთ საკმაოდ უცნაურ იდეებს. გამომდინარე აქედან, იძულებულნი ვართ განვმარტოთ საკმაოდ დიდი ხნის წინ დადგენილი სინამდვილე.

ოჯახური ღირებულებების დასაცავად მიღებული კანონის მიზეზით ევროკავშირმა უნგრეთს ფინანსური სანქციები დაგვიწესა. ჩვენი კანონი, არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, მკაფიოდ აცხადებს, რომ ბავშვებთან სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საუბარი მხოლოდ და მხოლოდ მშობლების უფლებაა, ავკრძალეთ ამ ეგრეთწოდებული ლგბტ არასამთავრობო ორგანიზაციების წვდომა სკოლებზე და საბავშვო ბაღებზე, აიკრძალა არასრულწლოვანებთან ამ თემატიკის პროპაგანდა, ასე რომ ანალოგიური მიდგომა გვაქვს და მსგავსი რეაქციაა მათი მხრიდან. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, ჩვენი ღირებულებები უნდა დავიცვათ, ჩვენი მიდგომა უნდა დავიცვათ, ვინაიდან არის სფეროები და საკითხები, სადაც კომპრომისი გამორიცხულია. არასრულწლოვანთა დაცვა კი ჩემთვის უკომპრომისო საკითხია“, - აღნიშნა სიიარტომ.