საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა გუშინ დაიწყო, რომელიც დღეს გაგეძელდება. 

სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. 

გუშინდელ სხდომაზე კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ წარადგინა.

მისი განმარტებით,  კანონპროექტი ითვალისწინებს გამჭვირვალობას, რომელიც გულისხმობს, რომ  არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარედან, ნებისმიერი ქვეყნიდან მიიღებენ დაფინანსებას წლის განმავლობაში 20%-ზე მეტს, უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში, როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები.  ყოველი წლის იანვარში წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, რომელშიც დეტალურად იქნება  მითითებული წინა წელს   მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები. 

„ეს არის ერთადერთი ვალდებულება, რაც აკისრია მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს. არც ერთი აკრძალვა და შეზღუდვა, რომელზედაც ამ დღეებში იყო საუბარი,  განსხვავებით სხვა ქვეყნებში არსებული კანონებისგან, ქართულ კანონპროექტში არ არის.
სხვა ქვეყნების კანონპროექტებისგან განსხვავება არის ასევე ის, რომ  რამდენიმე ქვეყანაში  ფიზიკური პირიც, რომელიც უცხოეთიდან იღებს  შესაბამის დაფინანსებას, ვალდებულია დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში. საქართველოში ამ კანონის მიღების შემდეგ ის არც ერთ ფიზიკურ პირს არ შეეხება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის სხდომაზე ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი „ოკუპანტი ქვეყნის − რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა წარადგინა.

პროექტით  განიმარტება ტერმინები - „ოკუპანტი ქვეყნის ძალა“ და „ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი“. იკრძალება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის - ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას.

მეორე ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განსაზღვრავს გრანტის მიმღებ ორგანიზაციათა წარდგენილი ანგარიშგების ადმინისტრირებასა და საჯარო ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ ორგანოს, კერძოდ - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს.


დღევანდელი პლენარული სხდომის გამო, პარლამენტის სასახლე უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. 

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა რუსულ კანონს". გუშინდელ აქციაზე დაანონსდა, რომ დღევანდელი საპარლამენტო მოსმენის პარალელურად აქცია კვლავ გაგრძელდება.

პარლამენტთან სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 

აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ  მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

 აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა. 

შეგახსენებთ, გუშინ, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. - "ამოვიდა ყელში ერთი, მივეცი ცხვირ-პირში რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს ფეხქვეშ!"

 საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას

საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის

 2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ