პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.
კანონპროექტით განისაზღვრება არალეგალური მიგრაციის გამოვლენის მიზნით საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების წესი.
კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი ადგილის გადამოწმების ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილი იქნება შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი ან შევიდეს სხვაგვარ კერძო საკუთრებაში, მფლობელობაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.
იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს უცხოელის მიმალვა ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურება ან გადამალვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილი იქნება დაიწყოს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს.
კანონპროექტით, უცხოელის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის შემოწმების დროს პოლიცია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს პირის გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები. ამასთან, უცხოელის სამუშაო ადგილის შემოწმებისას პოლიციელს შეეძლება დამსაქმებლისგან მოითხოვოს იმ დოკუმენტების დათვალიერება, რომლებიც ადასტურებენ უცხოელის საქართველოში მუშაობის კანონიერ საფუძველს.
შესაბამისი ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“. კერძოდ, კოდექსს ემატება ახალი თავი, რომლითაც დარეგულირდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების თაობაზე ბრძანების გამოცემის საკითხი.
„არალეგალური მიგრაცია დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას როგორც თანამედროვე მსოფლიოსთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომპრომისოდ იბრძვის არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ. 2025 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნის გამო, უცხო ქვეყნის 525 მოქალაქე იქნა გაძევებული ქვეყნიდან, რაც 280%-ით აჭარბებს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ჰქონდეს კიდევ უფრო მტკიცე სამართლებრივი გარანტიები, რათა მათ ეფექტიანად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებები ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა.