პარლამენტმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვებს დღეიდან დაიწყო.

კანონპროექტებს დეპუტატები ჯერ 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ, რის შემდეგაც საკითხზე დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.

დღესვე კომიტეტი განიხილავს მმართველი გუნდის ინიციატივას „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ.

როგორც სხდომის წამყვანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ  განაცხადა, განხილვაზე ოპოზიციის არდასწრება ნიშნავს, რომ ისინი ან კანონმდებლობის მიღებას ეწინააღმდეგებიან, ან პასუხისმგებლობას გაურბიან.

„ოპოზიცია არ ესწრება საკომიტეტო განხილვას, რითაც ჩვენი საზოგადოების წინაშე აფიქსირებს პოზიციას, რომ ეწინააღმდეგებიან კანონმდებლობის მიღებას. ან გაურბიან პასუხისმგებლობას, რომ ამ საკითხის შინაარსობრივ განხილვაში შემოვიდნენ", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება.