საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

საკითხი კენჭისყრაზე კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა დააყენა.

„მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, მან თავის „ფეისბუქპოსტიდან“ გამომდინარე აღარ დაგვიტოვა არანაირი კითხვის ნიშანიც კი, აპირებდა თუ არა დღეს მოსვლას, ხომ არ მოიცლის ხვალ, ორ დღეში, ერთ კვირაში და ხომ არ გამოცხადდება იქამდე, ვიდრე კომისია მუშაობას დაასრულებს. იმ ტექსტიდან გამომდინარე, აქ ეჭვი არ არსებობს. მინდა, შემოგთავაზოთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნასთან დაკავშირებით. არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ნორმა. არის ასეთი მუხლი – ნომერი 349, რომელშიც წერია, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით. იქ არის საკმაოდ მძიმე სასჯელები, მათ შორის ერთ წლამდე პატიმრობაც.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, რომელსაც, როგორც ახლა ირკვევა, უნდა ჰქონდეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი როლი ამ საქმეზე და უშუალო ფუნქცია ჰქონია შპს „მაგნატის“ ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით. ბატონმა ბადრიმ, მას შემდეგ, რაც სამდივნო დაუკავშირდა მამუკა ხაზარაძეს, იმავე ნომრიდან შესულ ზარებს აღარ უპასუხა. არ მინდა, ვარაუდებში წავიდე და ვთქვა, რომ ორ პირს შორის კავშირი შედგა და სწორედ ამის შედეგად არ ისურვა ბატონმა ბადრიმ, ზარებს გამოხმაურებოდა“, – განაცხადა წულუკიანმა.

დროებით საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძეს კიდევ აქვს საშუალება, კომისიის სხდომაზე 16.00 საათამდე მივიდეს.

შეგახსენებთ, დღეს, პარლამენტში შექმნილი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის მეოთხე სხდომა მიმდინარეობს.

სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხია ბიზნესზე ზემოქმედების ერთ-ერთი საქმის განხილვა, რომელიც შპს „მაგნატსა“ და მის მფლობელს, ჯემალ ლეონიძეს უკავშირდება.

როგორც ლეონიძის ჩვენებიდან ირკვევა, საქმის მთავარ მოქმედ პირთა შორის არიან „თიბისი ბანკის“ მფლობელები, ახლა უკვე პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

მამუკა ხაზარაძემ დაბარებული იყო კომისიის სხდომაზე, თუმცა "ფეისბუკში" დაწერა -  დღეს არალეგიტიმური პარლამენტში მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა არ ვაპირებ!