„ქოლ-ცენტრების“ საქმეზე სიმართლე თუ დადგინდება, ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სომხეთში დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი დააკავეს.

მანჯგალაძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, უნდა გადავამოწმო. „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე სიმართლე თუ დადგინდება, ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს. სხვა რა უნდა ვთქვა? – არ ვიცი და რა გითხრათ. პოლიტიკური სპეკულაცია რომ არ იყოს, ჯერ უნდა ვნახოთ, რა იყო და რას ედავებიან. ამ ადამიანის იქით ვიღაც დგას კი არა, ამერიკის უსაფრთხოების სამსახურმა ოთარ ფარცხალაძეს ბრალი დასდო ჯაშუშობაში, რომელიც ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ წევრების ნათელ-მირონია. ამაზე არაფერს ვამბობთ და იმის ბიძაშვილის უკან, იმის მამიდაშვილი დგასო –  გამოაშკარავდება, გამოაშკარავდეს. დაველოდოთ, ვნახოთ, რა ხდება. „ბიბისის“ ფილმზე ერთი თვე ლაპარაკობდნენ და ფარცხალაძეზე ერთი დღე. მასშტაბი და მტკიცებულება სხვადასხვაა. არ ვიცი, ვინ ბენიამინზე საუბრობთ, წარმოდგენა არ მაქვს, კეზერაშვილის არცერთ ბიძაშვილს არ ვიცნობ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.