ხვალინდელი აქცია დასაწყისი პროცესია და არა დასასრული. ჩვენ გვინდა, რომ ანტიქართულ და ანტიევროპულ დივერსიას, რასაც „ქართული ოცნება“ აწყობს, ქუჩაში შევეწინააღმდეგოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

„გიორგი ვაშაძე საქართველოშია, გავდივართ ყველა დეტალს იმისათვის, რომ მაღალი ორგანიზებულობა ვაჩვენოთ. ელენე ხოშტარიამ მას შემდეგ გადაწყვიტა წასვლა, როდესაც ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინის შემოთავაზებაზე, მისულიყო ფორუმზე, როგორც მეგობარი ქვეყანა, სადაც უკრაინის მხარდაჭერა და სოლიდარობა უნდა გამოცხადებულიყო.

ორგანიზატორების უკრაინაში წასვლის შესახებ ინფორმაციას არის დეზინფორმაცია. ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რომ ხალხს ეგონოს, აქცია დააანონსეს და აქცია არ იყოს. ხვალ, 19:00 საათზე, თქვენ დაგხვდებათ კარგად ორგანიზებული, უკრაინის სოლიდარობის და ჩვენი გმირების მხარდამჭერი აქცია.

აქციაზე იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიის მხარდამჭერებიც. აქციაზე იქნებიან, ვინც მიშას არ მოკვლის თემამ გააერთიანა, ვინც ნიკა გვარამიას და ტელევიზიის საკითხმა გამოიყვანა. აქციაზე იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ჩვენ არავის დავუშლით, თავიანთი პოზიციები დააფიქსირონ, მაგრამ ეს აქცია არ გადაიქცევა პოლიტიკურ აქციად. აქცია დასრულდება ისე, როგორც ჩაფიქრებულია, სოლიდარობის აქციად. ამის შემდეგ, რაც იქნება ხალხის დაკვეთა, მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა, ოღონდ არა ამ სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას. ვგულისხმობ, იმას, რომ ეს აქცია დასაწყისი პროცესია და არა დასასრული. ჩვენ გვინდა, რომ ანტიქართულ და ანტიევროპულ დივერსიას, რასაც „ქართული ოცნება“ აწყობს, ქუჩაში შევეწინააღმდეგოთ.

მიშას თემას აქციის 10 გამომსვლელიდან თუ რომელიმე დააყენებს, ჩვენ ცენზურას ვერ დავაწესებთ. მიშას თემა არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ საკითხი. ეს თემა დაკავშირებულია ევროპულ მომავალთან“,- განაცხადა მანჯგალაძემ.