იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.
მინისტრი ნიუ იორკში ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.
„თხუთმეტი წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან, რის შედეგადაც საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მოსამსახურეები მათ წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების მსხვერპლნი გახდნენ. ICC-ის პროკურორის ოფისთან ინტენსიური თანამშრომლობით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ. კერძოდ, 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა ცხინვალის რეგიონის სამი „მაღალჩინოსნის“ მიმართ აგვისტოს ომის დროს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის და გამოიკვეთა რუსი გენერალ-მაიორის პასუხისმგებლობა. 2022 წლის 16 დეკემბერს ICC-ის პროკურორმა დაასრულა გამოძიება აგვისტოს ომში საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის თუ სხვა ნებისმიერი სახის გადაცდომის გამოვლენის გარეშე”, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
მინისტრის თქმით, საქართველოში დიდია მოლოდინი, რომ გამოცემული დაკავების ორდერები ოპერატიულად აღსრულდება.
იუსტიციის მინისტრმა სამართლის უზენაესობის და მსხვერპლთა დაცვის საკითხში ICC-ის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სასამართლოსთან სამომავლო თანამშრომლობის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა.
მიმდინარე წლის 4-14 დეკემბერს ნიუ-იორკში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ასამბლეა იმართება, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს.
ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.