დეპუტატები დღეს პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელიც მედიას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, ბრიტანულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით შემუშავებული ცვლილება განსაზღვრავს მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებსა და დაცვის ინსტიტუციურ მექანიზმებს.
"აღნიშნული ინიციატივა პირდაპირ დაკავშირებულია ბრიტანეთის მხრიდან შემოღებულ ახალ სტანდარტებზე და იმ არსებულ ძალიან კარგ პრინციპებზე, რომელიც ევროპის რიგ ქვეყანაში მოქმედებს. ეს კანონი, საბოლოო ჯამში, მისცემს საშუალებას რომ ყველამ სტანდარტების ჩარჩოში იმუშაოს და უფრო აიმაღლოს თავისი მედია სტანდარტი. ამავდროულად, მიმდინარე განხილვების დროს, დაზუსტდა ის ფაქტი, რომ ტელევიზიებს, ვისაც აქვთ ონლაინ პლატფორმები, აღნიშნული კანონი გავრცელდება მათზეც," - აცხადებს პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი.