„ლელო“ და გახარია რეიტინგებით უფრო განულებულები არიან, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე, იმსახურებენ თუ არა კიდევ ერთ ნდობას, მათი ამომრჩევლის გადასაწყვეტია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ოპოზიციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „აგენტები ყოველთვის პატრონების თამაშს თამაშობენ, შესაბამისად, თითოეული მათგანი ისეთ ფორმას და შინაარსს მიიღებს, რასაც გარედან განუსაზღვრავენ“.

„ლელოს“ განცხადება, რომ თბილისის წაღება შეუძლიათ, მის ამომრჩეველს შევახსენებ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთხელ გამოხატული ნდობა „ლელომ“ ფეხქვეშ გათელა და მათი ნდობა არაფრად ჩააგდო, რადგან საპარლამენტო მუშაობაზე უარი თქვა. „ლელო“ და გახარია იმსახურებენ თუ არა კიდევ ერთ ნდობას, ეს მათი ამომრჩევლის გადასაწყვეტია. რეიტინგებით, ისინი კიდევ უფრო განულებულები არიან, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების დროს იყვნენ. მათ პარლამენტზე უარი იმ იმედით თქვეს, რომ რევოლუციის მოსახდენად ქვეყნის შიგნიდან და გარედან ყველაფერი გაკეთდებოდა, მაგრამ ხედავენ, რომ რევოლუცია ვერ მოხდა, ქუჩის არელეგიტიმური და არასამართლიანი პროტესტით ვერაფერს მიაღწევენ და ვაიძულეთ, რომ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებს, არჩევნებს დაუბრუნდნენ, თუმცა იმას არ ითვალისწინებენ, რომ ამდენჯერ სახედაკარგულები და სახელშერცხვენილები საკუთარი ამომრჩევლის წინაშე რომ წარსდგებიან, მათი მხარდაჭერა მინიმუმამდე იქნება დასული“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.