რაც არ უნდა მცდელობა იყოს 26 მაისის ჩაშლის და იმის, რომ ეს დიდებული დღე ხალხმა არ იზეიმოს, ამ დღეს ვერ ჩაშლიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, 26 მაისს ყველა დაინახავს, რომ საქართველო დამოუკიდებელია და ეს იქნება მთავარი მესიჯი, რომელიც მთელ მსოფლიოს გაეგზავნება.
„საქართველო დამოუკიდებელია ნებისმიერი უცხო გავლენისგან, რაც ჩვენ დავადასტურეთ. საქართველო დამოუკიდებელია შიდა, მავნებლური გავლენებისგან, რაც წლების განმავლობაში არსებობდა. ამიტომ, რაც არ უნდა მცდელობა იყოს ამ დღის ჩაშლის და იმის, რომ ეს დიდებული დღე ხალხმა არ იზეიმოს, ამ დღეს ვერ ჩაშლიან“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისივე თქმით, გედევან ფოფხაძემ საჯაროდ თქვა, რა არის რადიკალების მიზანი.
„გედევან ფოფხაძის პიროვნებაზე ბევრი მახასიათებლის თქმა შეიძლება, მაგრამ მისი განცხადება ახალი სახეა, ძალით გავაჟკაცებული და გაყოყოჩებული ადამიანია, რომელიც ახლა ცდილობს, რომ სანატრელი მსხვერპლი იყოს. მადლობის მეტი რა გვეთქმის, რომ საჯაროდ და ყველას გასაგონად თქვა, რა არის რადიკალების მიზანი. მიზანია, რომ მსხვერპლმა არეულობა გამოიწვიოს. იმედია, ეს საზოგადოებისთვის პრევენციული განცხადება იქნება და ისინი მათ არც ერთ პროვოკაციას არ აჰყვებიან“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.