გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და ისრაელს შორის საუკუნოვანი მეგობრობის და პარტნიორობის მნიშვნელობა. მინისტრის მოადგილემ მწუხარება გამოხატა ისრაელში განვითარებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ებრაელი ხალხის გვერდით.
„ჩვენ ქვეყნებს, მეგობრობის და წარმატებული თანამშრომლობის დიდი ისტორია გვაქვს, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს (MASHAV) მხარდაჭერით, წლების განმავლობაში, საქართველოს ათასობით მოქალაქე, ჩვენი სამინისტროს არაერთი თანამშრომელი, გადამზადდა და გაიზიარა ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ისრაელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქვს. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ელოდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ოფიციალურ მიღებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა, მათი გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, რათა სრულად მოხდეს იმ ვალდებულებების შესრულება, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გვაქვს აღებული. მე მჯერა, რომ ისრაელთან გავაგრძელებთ აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას და გავაღრმავებთ ურთიერთობებს როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადმა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან თანამშრომლობაზე ისაუბრა, საქართველოს წარმატება უსურვა ევროინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა, რომ ისრაელი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ყველა იმ მიმართულებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, თუ გარემოს დაცვა, რაც დაეხმარება ქვეყანას აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ისრაელს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ერთობლივი არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც მიმდინარე პროექტებს, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, MASHAV-ის ცენტრის დირექტორი გიორგი ჟღენტი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.