საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საფრანგეთის დედაქალაქში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაფასა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გასულ კვირას შედგა.
„პარიზში ჩვენ როგორც სენატის თავმჯდომარეს, ასევე ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შევხვდით. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, სადაც საქართველოსთან მიმართებაში დიდი ინტერესი დაფიქსირდა. საფრანგეთში სრულიად შეცვლილია განწყობა ევროკავშირის განწყობასთან დაკავშირებით და შეხვედრებისას ეს მათ თვითონვე აღიარეს. თუ კი თუნდაც ერთი წლის წინ საფრანგეთი საერთოდ არ მოიაზრებდა გაფართოებას ჩვენს რეგიონში, ახლა ისინი დარწმუნებულები არიან, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. შესაბამისად, ყველა შეხვედრაზე ჩვენ ურყევი მხარდაჭერა დაგვიდასტურეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი და ყველა ღიად ლაპარაკობს იმაზე, რომ მომავალში საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს, რა თქმა უნდა, დიდი ცვლილებაა საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში და ეს არის მომენტი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრებზე განხილულ თემატიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძირითად საკითხებს იმ საფრთხეებზე საუბარი წარმოადგენდა, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ არის მომართული. მისივე თქმით, საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ფრანგ კოლეგებს ის ვითარება გააცნო, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი და იმ საფრთხეებზე ისაუბრეს, რომელიც ჰიბრიდულ და დეზინფორმაციულ კამპანიებს უკავშირდება. „ფრანგი კოლეგების მხრიდან ჩვენ ინფორმაციას ადექვატური რეაგირება მოყვა. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული ის, რომ საქართველო ვერ მოიქცევა ისე როგორც შეიძლება მოიქცეს ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამ შეფასებაში ისინი სრულად დაგვეთანხმნენ. რაც შეეხება საქართველოს მიმართ მხარდაჭერას, ფრანგი კოლეგები მიესალმებიან იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს რეფორმების მიმართულებით“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.