საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის წარმომადგენელთა პალატის მთავრობის ზედამხედველობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს და მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-იაპონიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს; ისაუბრეს გააქტიურებულ საპარლამენტო კავშირებსა და აგვისტოს თვეში, იაპონიაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტზე.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, მათ შორის იაპონური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებს. იაპონურმა მხარემ განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატა ენერგეტიკის და დიგიტალიზაციის მიმართ.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების მნიშვნელობას და საქართველოს როლს.
„საინტერესო შეხვედრა გვქონდა იაპონელ კოლეგებთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის, ინვესტიციების, ხალხთაშორისი და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები“ - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ვითარება და ამ პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი.
შეხვედრისას ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის წარმომადგენელთა პალატის მთავრობის ზედამხედველობის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრები საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ.