საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დანიის სამეფოს ფოლკეტინგის (პარლამენტი) საგარეო პოლიტიკის, ევროპის საკითხთა და თავდაცვის კომიტეტების დელეგაციას შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ოკუპაციაზე და ოკუპაციიდან გამომდინარე პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკური კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები, ცხრა ნაბიჯი და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა და ამ მიმართულებით ქვეყანაში გატარებული და მიმდინარე რეფორმები.
საუბარი შეეხო ევროკავშირის მომავალ ენერგოუსაფრთხოებასა და ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობაში საქართველოს როლს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის - ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და საგარეო ვაჭრობას.
შეხვედრის ბოლოს, ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა დანიის სამეფოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მხარდაჭერისთვის.